მსოფლიო
23/11/2020

ტრიუმფი და იმედგაცრუება - ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია Astrazeneca-ს ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული გამოცემის შეფასებით, ოქსფორდის უნივერსიტეტისთვის ეს ფაქტი ერთი მხრივ ტრიუმფიც შეიძლება იყოს, მეორე მხრივ კი იმედგაცრუებაა მას შემდეგ, რაც „ფაიზერის“ ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამასთან, Oxford-ის ინექცია უფრო იაფია და მისი შენახვა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გადატანა, ფაიზერის ვაქცინისგან განსხვავებით, უფრო იოლია.

გამოცემის ცნობით, სწორედ ამ მიზეზების გამო ოქსფორდის ვაქცინა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პანდემიის დაძლევაში იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებლების შესაბამის ავტორიზაციას მოიპოვებს.

BBC წერს, რომ არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვით, დოზების სრულყოფის შემდეგ შესაძლოა, ვაქცინის ეფექტიაბობამ 90%-საც მიაღწიოს.
 
ბრიტანეთის მთავრობას ოქსფორდის უნივერსიტეტისთვის უკვე შეკვეთილი აქვს 100 მილიონი დოზა ვაქცინა, რომელიც 50 მილიონ ადამიანზეა გათვლილი.
 
"ეს წარმოუდგენლად ამაღელვებელი ახალი ამბავია. წინ კიდევ რამდენიმე შემოწმებაა, თუმცა ეს ფანტასტიკური შედეგებია", - ციტირებს BBC ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სიტყვებს.
 
ოქფორდის ვაქცინის შექმნის პროცესში 20 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. ნახევარი დიდ ბრიტანეთში, დანარჩენი ბრაზილიაში.
Businesspartner