მსოფლიო
24/02/2022

გიორგი ანთაძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესება მყისიერ შედეგს ვერ მოიტანს

„ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი გიორგი ანთაძეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის  პირობებში, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით  მყისიერი შედეგების მოლოდინი არ აქვს. როგორც ის  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, თავისი არსით ის არ იქნება ისეთი სწრაფი, რომ სამხედრო მოქმედებების განვითარებაზე მოახდინოს გავლენა.

"ფუნდმენტური საკითხია ისეთი მოქმედებები, რომელიც იქნება უფრო თამამი.ეკონომიკური სქნციები მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აისახება რუსეთის მდგომარეობაზე,“-აცხადებს ანთაძე.  

კითხვაზე, როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ცივილიზებულ მსოფლიოზე,რეგიონზე, კონკრეტულად საქართველოზე და ეკონომიკური მიმართულებით რას უნდა ველოდოთ, ანთაძე განმარტავს, რომ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, საქართველოში თავისი მიზნების საბოლოო რეალიზება მოახდინოს.

შეგახენებთ, დღეს უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზეც.

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება სანქციებს, 22 თებერვალს გერმანიამ განუსაზღვრელი დროით შეაჩერა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი  მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აღიარებს "დამოუკიდებლობას" მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებისა, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

23 თებერვალს ამოქმედდა მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული აგრესიულ ნაბიჯების გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომელთა სამიზნეა მთავრობის წევრები, დეპუტატები და ბიზნესები.

სანქციები მოიცავს 27 პირს და უწყებას, მათ შორის მთავრობის მინისტრებს, სამხედრო მაღალჩინოსნებს, კომპანიებს და ბიზნესების ლიდერებს, იმ როლისთვის, რომლებიც მათ შეასრულეს "უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისთვის" საფრთხის შექმნის პროცესში - აცხადებს ევროკავშირი.