ჯანდაცვა
22/03/2023

უცხოელების მხრიდან საქართველოში სამედიცინო განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა იზრდება

2009 წლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 200-დან 3500-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა.

მისი თქმით,  უცხოელი სტუდენტების მოზიდვა უნივერსიტეტმა 1996 წლიდან დაიწყო, რისთვისაც სასწავლებლის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი აზიის ქვეყნებში არაერთი ვიზიტი ჰქონდათ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყნის ცნობადობაც გავზარდეთ, რადგან გვიწევდა საუბარი იმაზე, თუ სადაა საქართველო. ბევრს ვმოგზაურობდით, განსაკუთრებით აზიაში. ახლა ჩვენს სასწავლებელში 81 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს,“- განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

მისი თქმით, უცხოელი სტუდენტების საქართველოთი დაინტერესების მთავარი მიზეზი განათლების მაღალი ხარისხი და მრავალფეროვანი პროგრამებია, მათ შორის ექიმის მომზადების ამერიკული პროგრამა.

სტატისტიკის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში მედიცინის, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკის და სტომატოლოგიის პროგრამებზე სწავლის მიზნით ჩამოსული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.

jandacva.ge