თურქული ბაზრის გახსნამ ევროპიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილიც გააიაფა
ბაზარზე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული კონკრეტული მედიკამენტის გაიაფების გამო სხვა ქვეყნიდან შემოტანილი, იგივე მწარმოებლის მიერ გამოშვებული ანალოგიური მედიკამენტებიც მკვეთრად გაიაფდა.
ერთერთი ასეთი პრეპარატია „ქსარელტო“, რომლის ღირებულება (28-აბიანი შეფუთვა) თურქეთის ბაზრის გახსნამდე 200 ლარს აღემატებოდა, თურქეთიდან გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ კი თურქული ბაზრიდან შემოტანილი ეს მედიკამენტი მკვეთრად გაიაფდა და მაგალითად 20 მგ-იანი, 28-ტაბლეტიანი შეფუთვის ღირებულება 36 ლარი გახდა. თურქეთიდან შემოტანილი „ქსარელტოს“ გაიაფების კვალდაკვალ ფასი დაეცა ევროპიდან იმპორტირებულ იგივე წამალზე, რომელიც ახლა 59 ლარი ღირს.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის თქმით, მას კონკრეტულ მედიკამენტებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ლოგიკურია, რომ რიგ შემთხვევებში ასეც მოხდეს, რადგან მაღალფასიან მედიკამენტებს აღარავინ იყიდის იმ დროს, როცა ბაზარზე არის ბევრად იაფფასიანი იდენტური მედიკამენტი, რომელიც იგივე კომპანიის მიერაა წარმოებული და განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი თურქეთის ბაზრიდანაა შემოტანილი.
აღნიშნული ტენდენცია თურქული ბაზრის გახსნის დადებითი „გვერდითი“ მოვლენაა, თუმცა, მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა ბაზარზე მივიღოთ ამ პროცესის მეორე, ნეგატიური მხარეც, რაც შეიძლება მედიკამენტების დეფიციტში გამოიხატოს.
„თურქეთის ბაზრიდან ჩვენთან შემოდის მედიკამენტები, რომლებიც იქ ზედმეტობითაა. მოგეხსენებათ, თურქეთი სხვა ქვეყნებს აწვდის იმ მედიკამენტებს, რომლებიც მას საკუთარ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მორჩება. ეს ონლაინ-რეჟიმში კონტროლდება და როცა თურქეთის მთავრობა დაინახავს, რომ მოსახლეობისთვის კონკრეტული მედიკამენტი საკმარისია, რაც ზედმეტობაა, იმ წამლების ექსპორტზე გასცემს ლიცენზიას. ასეთი წამლების რაოდენობა კი შეზღუდულია,“ – განმარტა მარგველაშვილმა.
დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით მარგველაშვილმა რეფერენტულ ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ კომპანიებმა არ დაკარგონ საქართველოში კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის ინტერესი, ფასი უნდა იყოს შესაბამისი. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით შევიდა ცვლილებები რეფერენტული ფასების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით უწყებათაშორის კომისიას ეძლევა უფლება, ფასი რეფერენტული ფასწარმოქმნის ფორმულის მიღმა, ინდივიდუალურ რეჟიმში დაადგინოს.