სამედიცინო სერვისების ხარისხზე კონტროლის გამკაცრების მიზნით მთავრობა ახალ ეროვნულ საბჭოს ქმნის
საქართველოში კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო იქმნება.
ორგანოს სრული სახელწოდებაა ,,კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო“.
ორგანოს შექმნის მიზნით მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარება და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება; გაიდლაინების, პროტოკოლებისა და გზამკვლევების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, მათი ეტაპობრიობისა და გეგმურობის უზრუნველყოფა; კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის ზედამხედველობა, განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები სამინისტროდან, მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, სამედიცინო სფეროს დარგობრივი ასოციაციებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან.