ჯანდაცვა
01/05/2023

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობა ივნისიდან დაიწყება

ივნისიდან შესაძლებელი იქნება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ახალი პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ. ამ ეტაპზე კი უცხოეთის კლინიკებთან კითხვა-პასუხის რეჟიმია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საუბარია პროგრამაზე, რომლის თანახმად,  ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსდებიან, მათ შორის უცხოეთის კლინიკებში. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ უშუალოდ ოპერაციის და მკურნალობის, არამედ ცხოვრების,  ტრანსპორტირებისა და ყველა თანმდევი ხარჯის დაფარვაზე.

მინისტრის თქმით, კლინიკებთან კომუნიკაცია მაისის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ბავშვების მკურნალობა დაიწყება.

„ყოველწლიურად 140-მდე ახალი შემთხვევა გვემატება, გასული წელს, სამწუხაროდ, 160 შემთხვევა იყო და ავიღეთ პასუხისმგებლობა, სანამ ქვეყანაში გვექნება ბავშვთა სრულყოფილი, გამართული ონკოლოგია და სპეციალიზებული ცენტრი, მანამდე ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ ალტერნატივებს მშობლებს და მათი არჩევანიდან გამომდინარე, შეეძლებათ წაიყვანონ შვილები ერთერთ ამ კლინიკაში და უმკურნალონ.  

ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მიდის კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა, შესაბამის პორტალზე აფიქსირებენ თავიანთ აზრს. ეს პროცესი ხვალ თუ ზეგ მთავრდება და შემდეგ უკვე გვეცოდინება ის კონკრეტული კლინიკები ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მომსახურებას – როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, სანამ საქართველოში გვექნება პროტონოთერაპიაპროტონოთერაპიასაც დავუფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა მინისტრმა.

jandacva.ge

Businesspartner