კლინიკებს ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში მონაცემების ატვირთვის ვალდებულება დაეკისრათ
ყველა სტაციონარი, მათ შორის მათ ფაქტობრივ მისამართზე მოქმედი ყველა ამბულატორიული დაწესებულება ვალდებული ხდება, ყველა გატარებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ატვირთოს.
ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე ძალაშია.
ამასთან, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული ხდება, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის კალკულაციის მოდულში სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად ასახოს მონაცემები სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ.
აღნიშნული არ ვრცელდება სასწრაფო დახმარების მომსახურების მიმწოდებლებზე, სოფლის ექიმსა და ოჯახის ექიმზე.
31 ივლისის ჩათვლით EHR -ში მონაცემების გადაცემა განხორციელდება საპილოტე რეჟიმში და სამედიცინო დაწესებულებებზე არ გავრცელდება სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები, ასევე, საჯარიმო სანქციები.
ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი მოდერნიზაციის შესახებ ორი თვის წინ jandacva.ge-სთან საუბარში ჰოსპიტლის მართვის სისტემის ,,Medsoft”-ის ერთერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაპანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სისტემის ამოქმედების მიუხედავად, ის არასრულად მუშაობს, რადგან მასში ინფორმაციის არასრულად ატვირთვისთვის სანქციები არაა დაწესებული, შესაბამისად, კლინიკას შეუძლია ბევრი რესურსი არ დახარჯოს და მონაცემები არასრულად შეიტანოს.
მისივე განცხადებით, კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს შეტყობინება პროგრამის მოდიფიკაციის დაწყების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტრომ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, რათა სისტემამ სრულყოფილად იმუშაოს და ანაზღაურებაც ელექტრონულად, ცენტრალიზებული სისტემის საშუალებით მოხდეს.
„როდესაც პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იკეთებს ოპერაციას, დოკუმენტაციას სამედიცინო დაწესებულება ტვირთავს ცალ-ცალკე ფაილებად. HR სისტემის სრულყოფილად მუშაობის შემთხვევაში კი ეს პირდაპირ ამ სისტემაში, ელექტრონული ჩანაწერების საშუალებით მოხდება,“ – განმარტა კაპანაძემ.
EHR სისტემა არის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული ჩანაწერების სისტემა. ესაა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი, რომელიც 2019 წლის 3 იანვარს ამუშავდა.
EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები ინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
აღნიშნულმა სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებას, ცვლილებების მიზანი კი ამ მონაცემების სისტემატიზირება და სახელმწიფოსთან ურთიერთობის დახვეწა-გამარტივებაა, რადგან დღემდე მოქმედი პრაქტიკით პაციენტის შესახებ ინფორმაცია და ფინანსური დოკუმენტაცია ფაილების სახით იტვირთებოდა, გაწეული სამედიცინო სერვისის ღირებულება კი კლინიკის მიერ თვის ბოლოს, ჯამურად იანგარიშებოდა.
ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ეხება. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში პაციენტების შესახებ ინფორმაცია ასევე გადაიგზავნება EHR-სისტემაში, მხოლოდ – პაციენტის თანხმობის შემთხვევაში.