ჯანდაცვა
14/07/2023

ჯანმომ დამატკბობელი "ასპარტამი" სავარაუდო კანცეროგენად აღიარა, თუმცა უსაფრთხო დოზა უცვლელი დატოვა

ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ასპარტამი სავარაუდო კანცეროგენური ნივთიერებების სიაში შეიტანა. თუმცა უცვლელად დატოვა მისი უსაფრთხო გამოყენების ზღვარი.

ასპარტამი არის ხელოვნური, ქიმიური დამატკბობელი, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სასმელსა და საკვებ პროდუქტებში 1980-იანი წლებიდან, მათ შორის დიეტურ სასმელებში, საღეჭ რეზინებში, ნაყინებში, იოგურტებში, საუზმის ბურბუშელებში, კბილის პასტებსა და ხველის საწინააღმდეგო წვეთებში.

ჯანმოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი საექსპერტო გაერთიანების რეკომენდაცია უცვლელი დარჩა - დასაშვებია 40 მილიგრამამდე დღე-ღამის განმავლობაში სხეულის ერთ კილოგრამ მასაზე. მაგალითად, თუკი ერთი ქილა დიეტური არაალკოჰოლური სასმელი 200-300 მილიგრამ ასპარტამს შეიცავს, 70 კილოგრამის წონის მქონე მოზრდილმა ადამიანმა დღეში 9-14 ასეთი ქილა უნდა დალიოს, რომ დადგენილ დღიურ ნორმას გადააჭარბოს.

ამასთან, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ უფრო ზუსტი შეფასებებისთვის საჭიროა მეტი კვლევა და მონაცემი.

ჯანმოს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ კიბო მთელ მსოფლიოში სიკვდილის ერთერთი წამყვანი მიზეზია და ყოველ წელს 6 ადამიანიდან ერთი სწორედ სიმსივნით იღუპება.

ჯანმოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ფრანჩესკო ბრანკის განცხადებით, ასპარტამის შესწავლამ აჩვენა, რომ დასაშვები დოზებით მისი გამოყენება არ არის სერიოზული შეშფოთების საფუძველი.

jandacva.ge

Businesspartner