ირაკლი ღარიბაშვილი - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისადმი გამოვხატავ თანადგომას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.
ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ, აწარმოონ პოლიტიკური კამპანია და თხოვნით მიმართავს მშობლებს, ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
„პირველ რიგში, მინდა, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანადგომა. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა, მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას. კარგად გვესმის და მინდა, ყველას შევახსენო, რომ არავის, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, არ გახსენებიათ მათი ბედი, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ, ყველა უბედურება, ყველა განსაცდელი, თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ეს არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ესა არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რომელიც ადამიანმა შეიძლება იკადროს, როცა ვუყურებთ, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანთა ჩართულობით ცდილობენ, გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.