ჯანდაცვა
04/10/2023

გაერთიანება და ახალი ინვესტიციები - რა პროცესებია მოსალოდნელი ფარმაცევტულ ბაზარზე

GMP-სტანდარტის ამოქმედებიდან, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, აღნიშნული სერტიფიკატი საქართველოში მხოლოდ 4-მა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო. ესენია  „ავერსი რაციონალი “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალი “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელი კომპანია „აბიფარმი“ და „ბიოქიმფარმი,“ რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი ორიოდე კვირის წინ მიიღო.

როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე აცხადებს, ასეთი სტატისტიკა იმითაა განპირობებული, რომ რეგულაციის ამოქმედებისას ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაითვალისწინა დარგის თხოვნა, GMP-სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება ეტაპობრივად ამოქმედებულიყო. 
ამასთან, მისივე თქმით, ამ ეტაპზე GMP-სერტიფიკატის მისაღებად ორი კომპანია ემზადება, თუმცა რა პერიოდი დასჭირდება ამ პროცედურების გავლას - უცნობია. 

გოგიბერიძის განცხადებითვე, რეგულაციის ამოქმედებამდე ქვეყანაში 51 ფარმაცევტული წარმოება არსებობდა და მათგან დღეს GMP სერტიფიკატი მხოლოდ 4-ს აქვს, ხოლო 35-მდე საწარმომ მუშაობა შეაჩერა. გოგიბერიძის თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მედიკამენტების ნაწილის დეფიციტი, მათ შორის წყალბადის ზეჟანგის და სხვადასხვა ნაყენის. მათი ჩანაცვლება კი, მისივე განცხადებით, იმპორტით მოხდა. 

ზოგადად ფარმაცევტულ ბაზარზე ლევან გოგიბერიძე წვრილი მოთამაშეების გაერთიანებას ელოდება, რადგან დამოუკიდებლად, სათანადო პრაქტიკისა და ფინანსური რესურსების სიმწირის გამო, ისინი ასეთ რთულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. 

გოგიბერიძე ამბობს იმასაც, რომ  არსებობენ უცხოური კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინვესტიციების ჩადებით ამ დარგში და ახალი საწარმოების ამუშავებით. ისინი უკვე სწავლობენ ბაზარს და იმ კომპანიების ადგილს დაიკავებენ, რომლებიც GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო დაიხურა.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის GMP სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა.

ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოთხოვნები და ზედამხედველობის სისტემა წესდება დისტრიბუციაზეც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველივე ეს მომხმარებლისთვის ნიშნავს გარანტირებული ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებას. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის - GDP-ს სერტიფიკატი კი ათეულობით კომპანიას აქვს აღებული.

jandacva.ge