ჯანდაცვა
20/07/2023
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ხრონი“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების გამოვლენის შესახებ, ინფორმაციის გავრცელება მოახდინა გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით. მეტიც, ფარმაცევტული ასოციაციის წევრებზე ბრალის დადება მოხდა არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებსა ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდო ინფორმაციასა და დაშვებების საფუძველზე.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფი“-ს მიერ , მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას.
სრული პუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწიდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გმობს მის წევრ კომპანიებზე მორიგ ჯერზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი,"-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.