"ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი“ – თამარ გაბუნია მედიკამენტების ფასების ზრდას ხელოვნურს უწოდებს
გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების ზრდა დაფიქსირდა, რაც, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ხელოვნურად მოხდა და საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ მარკეტინგთან, რაც უნდა აღიკვეთოს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ გატარებული რეფორმების შედეგად მიგვეღწია მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის, ფასების შემცირების კუთხით. ამისთვის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებისთვის შეიქმნა განსაკუთრებული პირობები, რომ რეგისტრაციის მექანიზმი, ასევე ბაზარზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო მარტივი და ყველაფერი ეს ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს რჩება პირველად მიზნად, ჩვენი ღრმა რწმენით, ფარმაცევტული სექტორის მთავარი მიზანი და დატვირთვა არის ის, რომ მათ უზრუნველყონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტი ბაზარზე და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ სტრატეგიულად ერთი და იგივე მიზანი გვაქვს.
ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფარმაცევტულ დაწესებულებებში თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა. ჩვენი შეფასებით, ეს არის ხელოვნური ზრდა, რადგან ამ პირობებში სხვა განმარტება ამ ზრდას რეალურად არ აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასეთი ფაქტები ყველანაირად აღვკვეთოთ, ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას და პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე სხვა უწყებებთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ამ ტიპის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ფასების ხელოვნური მატება, კონკურენციის ხელოვნურად დარღვეული ჯანსაღი წესები აღიკვეთოს,“ – განაცხადა გაბუნიამ.