"ჩვენც ვიცით თვლა" – ჯანდაცვის მინისტრი ფასების ზრდის საკითხზე ფარმაცევტულ სექტორს პასუხობს
ფარმაცევტული ასოციაციის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ზრდა თურქეთში წამლების გაძვირებამ გამოიწვია, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს და ამბობს, რომ 36%-იანი გაძვირების შედეგად ქართულ ბაზარზე ზრდა მაქსიმუმ 5-10% უნდა ყოფილიყო, ჩვენ კი 300%-იანი გაძვირება მივიღეთ.
„36%-იანი ფარმაცევტული კურსი, თურქეთში რაცაა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ლარში იყიდება და ეს სხვაობა, ჩვენთან იმდენად მცირედით აისახება, შეიძლება 5, მაქსიმუმ 10% -ის ფარგლებში ყოფილიყო ცვლილება და ჩვენ მივიღეთ 300%-იანი ზრდა. არარელევანტური ახსნაა და ჩვენც ვიცით თვლა! შესაბამისად ეს არგუმენტი მიუღებელია, როგორც სხვა არგუმენტები კანონთან დაკავშირებით და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების შეთანხმებული, არაკეთილსინდისიერი ქმედება უწოდა და მათ მიმართ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.