ჯანდაცვა
20/07/2023

"არცერთ მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა" - "გეფას" პასუხი მარეგულირებელს

ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ რეგულირების სააგენტოს პასუხობს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

"ვეხმაურებით დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას პრეპარატ „დეპაკინი ხრონოს“ შესაძლო ხელოვნური დეფიციტის შექმნის თაობაზე. კომპანია გეფა, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის არც ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოზე“, ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა.

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოს“ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას აწვდის მწარმოებელი „სანოფი ავენტისი“. მიმდინარე წელს კომპანია მიერ განთავსებული შეკვეთებიდან, მწარმოებელი გვაწვდიდა შეკვეთილი რაოდენობის დაახლოებით 50%-ს, რამაც გამოიწვია აღნიშნული მედიკამენტის დროებითი დეფიციტი. ივლისის თვეში შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ 10%-ის მოწოდება გვაქვს დადასტურებული, რაც გარდაუვლად გამოიწვევს აღნიშნული მედიკამენტების დეფიციტს მომდევნო თვეში.

მწარმოებელი კომპანია „სანოფი ავენტისიდან“ პრეპარატ „დეპაკინი ხრონოს“ სამივე რეგისტრირებული ფორმა კომპანიამ საწყობში მიიღო 12 ივლისს. მანამდე, 11 ივლისის მდგომარეობით, „დეპაკინ ხრონოს“ სამივე ფორმის ხელმისაწვდომი რაოდენობა სრულად გადანაწილებული იყო სააფთიაქო ქსელში.

ასევე, 12 ივლისს საწყობში მიღებული პროდუქცია, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 18 ივლისს სრულად მიეწოდა სააფთიაქო ქსელს ქვეყნის მასშტაბით. ანუ 18 ივლისიდან მოყოლებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ზემოთ აღნიშნული მედიკამენტები.რაც შეეხება დეპაკინ ხრონოს საბავშვო ფორმას (დეპაკინი სიროფი 57.64მგ/1მლ 150მლ ფლაკონი #1), აღნიშნულ მედიკამენტზე დეფიციტი არ ფიქსირდება და არც დაფიქსირებულა, შესაბამისად, სააფთიაქო ქსელში რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება კომპანიის მარაგების შესახებ მარეგულირებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, განვმარტავთ, რომ სინქრონიზაციის პროცესი სრულად არ არის გამართული და აქტიურად ვემუშავებით ჯანდაცვის სამინისტროს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული მიზეზით არის გამოწვეული ცდომილება რეალურ მარაგებსა და მარეგულირებლის პროგრამაში არსებულ რაოდენობას შორის. გვინდა, განვმარტოთ, რომ ინფორმაცია, თითქოს კომპანიას მედიკამენტი აქვს მარაგში და მიზანმიმართულად არ ანხორციელებს რეალიზაციას არ შეესაბამება რეალობას."

შეგახსენებთ, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა - კერძოდ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე უწყებამ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. 

საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

Gepha არის ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში, ბაზარზე ოპერირებს ორი ყველასთვის კარგად ნაცნობი სააფთიაქო ქსელით: PHARMADEPOT და GPC. 

jandacva.ge

Businesspartner