ჯანდაცვა
22/05/2023

4Hospitals: არის საფრთხე, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების განვითარება შეფერხდეს

დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ კლინიკების დიდი ნაწილი ცდილობს, თავი შეიკავოს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურაში ინვესტირებისგან.

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-ის კომერციულმა დირექტორმა გიგა კოხრეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „დიარჯი“, როგორც სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების სისტემა, მისაღები მოდელია, თუმცა გააჩნია, რა ეკონომიკური შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს მისი ყველა მოქალაქისთვის.

4Hospitals-ის კომერციული დირექტორის განმარტებით, სამედიცინო ტექნოლოგიების სექტორისთვის უდიდესი ბიძგის მიმცემი იყო საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედება, რის შედეგადაც, 2014 წლიდან გაიზარდა კლინიკების რაოდენობა, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა აპარატურაზე როგორც არსებული, ისე ახლადშექმნილი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან.

გიგა კოხრეიძის თქმით, ამან შექმნა ჯანსაღი კონკურენცია, რამაც არა მხოლოდ კლინიკების, არამედ სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიების განვითარებას შეუწყო ხელი. მაგალითად, განსაკუთრებული ძვრები მოხდა მინიინვაზიური ოპერაციების (ლაპარასკოპია) ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

დიარჯის“ ამოქმედებით კი, კოხრეიძის თქმით, შეიქმნა საფრთხე, რომ სამედიცინო სექტორში მაღალტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება შეფერხდეს, კერძოდ, მისი განმარტებით, დაწესდა თანხობრივი ლიმიტი, რომელიც არ იძლევა საშუალებას, კლინიკებმა ინვესტიციები განახორციელონ მაღალტექნოლოგიურ აპარატურაში.

დიარჯის სატარიფო სქემამ ნაკლებად გაითვალისწინა მაღალტექნოლოგიური მეთოდები ონკოქირურგიაში, ენდოპროტეზირებაში,ასევე ნეიროქირურგიაში. 

გარდა ამისა, ახალი კანონით, ადამიანმა, რომელსაც სურს მიიღოს მაღალტექნოლოგიური მომსახურება, უნდა დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი პროცედურის თუ ოპერაციის თანხა თავად დაფაროს. ასეთ შემთხვევაში კი ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე იგივე სერვისის ღირებულება თურქეთში. პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი ეს მიუწვდომელი თანხებია, რადგან საუბარია ძირითადად მაღალი ასაკის ადამიანებზე, რომლებიც არც დასაქმებულები არიან და არც კერძო დაზღვევა აქვთ,“ – აცხადებს კოხრეიძე.

მისი თქმით, გამოსავალია ამ ორი სისტემის ჰიბრიდიზაცია – როცა პაციენტს აქვს უფლება, აირჩიოს მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, თუმცა ამისთვის მას არ მოეთხოვებოდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება და მხოლოდ თანხის სხვაობის დამატება უწევდეს.

გიგა კოხრეიძის თქმით, ასეთი სისტემით კლინიკებს საშუალება მიეცემოდათ, ეფიქრათ განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ახლა კი, კოხრეიძის განცხადებით, შექმნილია ისეთი სიტუაცია, როდესაც კლინიკები ზოგავენ თანხებს მაღალტექნოლოგიურ აპარატურაში ინვესტიციების კუთხით და თანხებს მიმართავენ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე, რადგან ახალი სტანდარტის ერთერთი მოთხოვნაა, მაგალითად, გარკვეული ფართის ქონა საწოლების განსაზღვრულ რაოდენობაზე და ისინი თანხებს სწორედ ამ მიმართულებით წარმართავენ.

ცნობისთვის: კომპანია 4Hospitals ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.  ის ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიწოდებას.  მისი პარტნიორი საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოწყობილ გამოფენებში.

jandacva.ge