თიბისის მთავარი ეკონომისტი სესხების გაიაფებას ელის
თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ კომერციულ ბანკებში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია გაგრძელდება. ოთარ ნადარაია „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წლის პირველ ნახევარში საპროცენტო განაკვეთის უმნიშვნელო მატების მიზეზებსაც განმარტავს.
„საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. სამწუხაროდ, 2020 წელს ჩვენ გვქონდა გარკვეული ზრდა, მაგრამ მხოლოდ ლარში. ძირითადად ეს გამოწვეული იყო იმით, რომ პანდემიის დასაწყისისთვის ლარის საპროცენტო განაკვეთები იზრდებოდა, ეს ზრდა დეპოზიტებზეც აისახა. მართალია, რეფინანსირების განაკვეთი არ გაზრდილა, მაგრამ დეპოზიტების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა, გაიზარდა სესხების განაკვეთიც. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა - ლარისა და დოლარის მიწოდება. ლარის მიწოდება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პროცენტები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს და მეორე, პარალელურად დოლარის მიწოდება იმისთვის, რომ ლარის მიწოდებამ კურსის გაუფასურება არ გამოიწვიოს. ამის შემდეგ საპროცენტო განაკვეთების სტაბილიზაცია გვაქვს. უცხოურ ვალუტაში არც გაზრდილა, უფრო მეტიც გარკვეული შემცირება წელსაც სახეზეა. ვფიქრობთ, საპროცენტო განაკვეთები ორივე ვალუტაში შემცირდება“,- აღნიშნა ნადარაიამ.