ფინანსები
09/07/2021

"თელასი" ₾130 მლნ-ის ობლიგაციების ემისიისთვის ემზადება

კომპანია "თელასი" ობლიგაციების ემისიისთვის ემზადება. ემისიის მოცულობა 130 მლნ ლარია, ხუთწლიანი ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

ემისიამდე კომპანიამ უკვე მოიპოვა სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის პირველი შეფასება - გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი "B+"-ით, პროგნოზით "სტაბილური" განისაზღვრა.

კომპანიის განაცხადში მითითებულია, რომ საბოლოო რეიტინგის მინიჭება დამოკიდებულია კომპანიის წარმატებული ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებასა და რეფინანსირებაზე. ამასთანავე რეიტინგი შეზღუდულია შესრულების რისკებით, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის მიწოდების დაგეგმილ გაყოფასა და საქართველოში ბაზრის ახალ მოდელთან.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის სიძლიერეს განაპირობებს „თელასის“ ბუნებრივი მონოპოლიური პოზიცია თბილისის ელექტროენერგიის განაწილების სეგმენტში, რომელიც თავის მხრივ რეგულირდება გრძელვადიან აქტივებზე დაფუძნებული ტარიფებით, დადგენილი დამოუკიდებელი მარეგულირებლის (სემეკის) მიერ.

"Fitch Ratings-ის შეფასება უმნიშვნელოვანესია კომპანიის სტაბილური და ეფექტიანი მუშაობის წარმოსაჩენად, რაც დაეხმარება "თელასს" მოიზიდოს ფინანსური რესურსები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან" - აცხადებს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით "თელასს" 680 000 მომხმარებელი ჰყავს, პანდემიური წელი კი 73 მლნ-იანი ზარალით დაასრულა, 2019 წლის 14.3 მლნ-იანი მოგების შემდეგ. კომპანიამ 2020 წელს 30 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამონაგებმა ელექტროენერგიის რეალიზაციიდან და ქსელური მომსახურებიდან 2020 წელს შეადგინა 411 139 ათასი ლარი, რაც 411 945 ათასი ლარით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

"თელასის“ „საპარტნიორო ფონდის“ აქციების 24.529%-იანი წილი საჯარო აუქციონზე 2020 წლის სექტმებერში კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპმა" 10 561 211 დოლარად შეიძინა.

Businesspartner