თბილისის აეროპორტი პანდემიამ $60 მლნ-ით აზარალა
კორონავირუსის პანდემიის ფონზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას შემოსავლები 98%-ით შეუმცირდა. მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში TAV Georgia-ს ზარალმა 60 მლნ დოლარი შეადგინა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე აცხადებს, შემოსავლების მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, კომპანია ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს.
„2020 წლის 18 მარტს საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, დაიკეტა. დაიკეტა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები. მთლიანი წელი რომ ავიღოთ, 73%-ით შეგვიმცირდა შემოსავლები, ხოლო კონკრეტულად პანდემიის პერიოდში შემოსავლები 98%-ით შემცირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში ზარალი 60 მილიონი დოლარია. ამის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ამის მაჩვენებელია ბათუმში განხორციელებული ინვესტიციაც“, - განაცხადა ზაქარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში TAV-მა $17 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე – გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზარდა.
ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი 6-დან 8-მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ვადა 2027 წელს ეწურება. თუმცა, თურქულ კომპანიას ვადის გახანგრძლივება სურს.
„ჩვენი განწყობა ის არის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციით სამომავლოდ გავიხანგრძლივოთ ჩვენი ოპერორების ვადა“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ.
ფრანგულ-თურქული კომპანიასთან საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება (Build Operate Transfer – BOT) 2005 წელს გააფორმა, თუმცა 2015 წელს მხარეებს შორის განახლებული ხელშეკრულება გაფორმდა. სწორედ ამ ხელშეკრულების თანახმად, Tav Georgia-ს საქართველოში ოპერირების უფლება 2027 წლამდე განისაზღვრა.