ფინანსები
01/08/2023

სებ-ი VASPs -ის შესაბამისობის კითხვარს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებული პირებისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით განსაზღვრული შესაბამისობის კონტროლის კითხვარს აქვეყნებს. 

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა წესით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად შემუშავებული შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა), მათ შორის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების დოკუმენტი.

წესის მიხედვით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შიდა ინსტრუქციის ნაცვლად ან დამატებით მოითხოვოს შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოწოდება კითხვარის სახით. კითხვარის ელექტრონული ვერსია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ დოკუმენტაციას ეროვნული ბანკი განიხილავს მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების სისრულის კუთხით. ამასთან, ეროვნულ ბანკს შეუძლია, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე შინაარსობრივად განიხილოს წარდგენილი დოკუმენტაცია.

შესაბამისობის კონტროლის კითხვარი

ამ დროისთვის სებ-ში ვირტუალური აქტივის მომსახურე პროვაიდერობის მსურველის 2 განაცხადია.