"საშუალო ფენის ზრდასთან ერთად, დაზღვევის მიმართ ინტერესი იზრდება"
"საშუალო ფენის ზრდასთან ერთად, დაზღვევის მიმართ ინტერესი იზრდება," - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო კომპანია “BB დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, მოზიდვები გაზრდილია და მიმდინარე წელს, 17%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ზარალიანობა შემცირდა.
"მოლოდინია, რომ 2024 წლიდან სავალდებულო დაზღვევა შემოვა. სექტორთან ეკონომიკის სამინისტრო და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური საუბრობს, რომ კანონი უკვე შემუშავებულია და მთავრობაზეა გაგზავნილი, დასამტკიცებლად.
საუბარია დაახლოებით ₾150 მილიონიდან ₾180 მილიონამდე პრემიის ზრდაზე. „-აცხადებს სულამანიძე.
როგორც “BB დაზღვევის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ქვეყანაში სადაზღვეო სისტემა ნელი ტემპით ვითარდება, რისი მიზეზიც ქვეყნის მოსახლეობის დაბალი შემოსავალია, შესაბამისად მათთვის დაზღვევა ნაკლებად პრიორიტეტულია.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, სულამანიძის განმარტებით, ამან სადაზღვეო სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ივნისში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 34.3 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 მლნ ლარია.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10 მლნ ლარი იყო.2023 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 591 მილიონი ლარი.ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 121,5 მილიონი ლარი.
2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.