ფინანსები
30/08/2023

საპენსიო ფონდის ინვესტიციები პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკაში უნდა დაბანდდეს

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე რისკის დამოუკიდებელი კონტროლის* გარეშე, საპენსიო ფონდის თანხების  ინვესტირებაში მიუღებელ რისკებს ხედავს. ამასთან, ნებისმიერი ინვესტიცია რისკის პროფილის რაოდენობრივ გაზომვას საჭიროებს, რაც მისი თქმით, რისკის შეფასების მეთოდოლოგიის არქონის  გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია.

საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის რისკის პროფილის პორტფელების შეთავაზებაზე 5 წლიან მოცდის რეჟიმს ითვალისწინებს  საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლის სასესიო განხილვა, II მოსმენით, მომავალ კვირას იგეგმება. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/334505

"მომგებიანი, მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის“  შეთავაზება მონაწილეთა შეცდომაში შემყვანია. „მაღალრისკიანი იმიტომაა, რომ მომგებიანობასთან ერთად მაღალი დანაკარგითაც ხასიათდება“.  მოქმედი კანონით ფონდის მხოლოდ 20% -მდე ინვესტირება არის დასაშვები უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებში და ეს ნორმალურია. ახალი კანონპროექტით ეს ლიმიტი, როგორც მახსოვს 60 % მდეა გაზრდილი, რაც არ არის სწორი. დიახ, ფონდის თანხებით ძირითადად საქართველოს ეკონომიკური სუბიექტები უნდა დაფინანსდნენ საკრედიტო ან/და წილობრივი ფასიანი ქაღალდების საშუალებით, შესაბამისი ლიმიტების სრული დაცვით და დამოუკიდებელი რისკების კონტროლის პირობებში", - ლევან სურგულაძის თქმით, ვიდრე ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე არ გამოჩნდება საკმარისი ოდენობის და ხარისხის ფასიანი ქაღალდები, ოპტიმალურია საპენსიო დანაზოგების ნაწილის კვლავ კომერციულ ბანკებში განთავსება, საიდანაც ფული საქართველოს ეკონომიკაში მიემართება. ამ ფულის დიდი ნაწილის უცხოურ ეკონომიკებში ინვესტირება გაუმართლებლად მიაჩნია. 

მისი თქმით  დაგროვებითი პენსიის სქემა ემსახურება 2 მიზანს  საპენსიო ასაკში ადამიანების მატერიალურ უზრუნველყოფას და კაპიტალის ბაზრის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ემისიები მნიშვნელოვნად გაზრდილია. წელს უკვე ცამეტია (სილქ რიალ ისთეითის; პრაიმ ბეტონის; საქართველოს კაპიტალის; თიბისი ლიზინგის; კრისტალის; რიკოს, თეგეტას; ჯეოსთილის; ენერჯი დეველოპმენტის...). უმეტესობას, 2-3 წლიანი ობლიგაციებით საპენსი ფონდიდან მოზიდული ფული კრედიტორი ბანკის ვალდებულებების რეფინანსირებისთვის სჭირდება და ასევე ახალი პროქტების დასაფინანსებლად. 

ამ დროისთვის სააგენტოს 10 მლნ-მდე "თიბისი ლიზინგის" ობლიგაციებში აქვს ინვესტირებული, $5.7 მილიონი GCAP-ის ახლადემიტირებულ ფასიან ქაღალდებში და 3.5 მლნ  "ნიკორას" ობლიგაციებში. რამდენიმე კომპანიის ემისიებში ინვესტირებისგან, მათ შორის,თეგეტას, რიკოს, სილქროუდის, სააგენტომ თავი შეიკავა, მათი ხედვით, მიუღებელი რისკების გამო. რიკოს და სილქროუდს საკრედიტო რეიტინგი არ ეყო. 

"ნიკორა"ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე სააგენტოსთვის იყო პირველი. გარკვეული კითხვები გაჩნდა კომპანიისთვის წარმოების ერთი ხაზის შეჩერების გამო. საპენსიო სააგენტოში განმარტეს, რომ მსგავსი შემთხვევები საწარმოო პროცესის თანმდევია. ნიკორას და სხვა ნებისმიერ ქეისზე რისკები იმდენად გადაჭერილია, რომ საფრთხე გამორიცხულია - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

განმარტება მოუწია საფინანსო ბაზრის ზედახედველსაც. სებ-ის ინფორმაციით, საპენსიო სქემა დანაკარგის ალბათობას მთლიანად გამორიცხავს, რადგან 6% სარგებელი გარანტირებულია და საინვესტიციო მექანიზმი მომართულია უფრო  მეტის დამატებაზე. შესაბამისად ამ კუთხით ფასდება რისკები და შესაძლებლობები.

*რისკის კომიტეტი უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსგან დამოუკიდებელი, რომლის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული მთავარი რისკის ოფიცერი. ახლანდელი სტრუქტურული მოწყობით კი ოფიცერი ექვემდებარება რისკის ამღებ მხარეს (საინვესტიციო საბჭოს).