ფინანსები
27/11/2020

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს.დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის  9 თვის მონაცემებით, სულ გაცემულია 609 027 პოლისი, რაც 15 2013-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 9 თვეში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.

ამასთან, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 211,27 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ წელს 9 თვეში ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 61.53 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 29% დაიკავა. ხუთეულში შედიან -  „იმედი L“ (49,94მლნ ლარი);„არდი“ (30,38 მლნ ლარი); „პსპ“ (13,23 მლნ ლარი) და „ირაო“ (13,67 მლნ ლარი).

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა  513,4 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს.