ფინანსები
17/06/2021

"საქართველოს რკინიგზამ" ლონდონის ბირჟაზე $500 მლნ-იანი ევრობონდები 4%-ად განათავსა

"საქართველოს რკინიგზამ" ახალი ევროობლიგაციების ემისია განახორციელა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მლნ-იანი ევროობლიგაციები, მოლოდინისამებრ, ძველ ობლიგაციებზე გაცილებით ნაკლებ განაკვეთში, 4%-ში განთავსდა, 7 წლის ვადით.

უკვე ცნობილია, რომ ევრობონდებიდან მოზიდული სახსრები მოხმარდება არსებული 500 მლნ დოლარის ბონდების რეფინანსირებას, რომლის განაკვეთი 7.5% იყო, შესაბამისად, კომპანია მნიშვნელოვან თანხას დაზოგავს. 

ევრობონდების გამოშვებაში რკინიგზას TBC Capital-ი და Renaissance Capital-ი, ასევე Galt & Taggart-ი დაეხმარნენ.

შეგახსენებთ, რომ "ბიზნესპარტნიორს" ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორმა დავით გონდაურმა განუცხადა, კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველწიურად დაზოგავს ინვესტორზე გადასახდელ სავარაუდოდ 3,5%-ს, რაც შეადგენს დაახლოებით 18 მლნ დოლარს წელიწადში.

აღსანიშნავია, რომ დოლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებს Fitch Ratings-მა წინასწარი BB- რეიტინგი მაისის ბოლოს მიანიჭა.