ეკონომიკა
03/06/2021

დავით გონდაური: რკინიგზას ევრობონდების რეფინანსირებით წელიწადში $18.7 მლნ-ის დაზოგვა შეუძლია

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი დავით გონდაური „ბიზნესპარტნიორთან“ “საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაანონსებულ მწვანე ევროობლიგაციების გამოშვების ბენეფიტებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ინვესტორები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილების დასაძლევად აუცილებელია ერთობლივი მიდგომა, კლიმატზე ნეგატიური ზეგავლენის შემარბილებელი ღონისძიებების გატარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებების ადაპტირება. ამავდროულად, განვითარების ალტერნატიული გზების მოძიება.

როგორც გონდაური ამბობს, ეს თავის მხრივ, ისეთი ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების შემოღებას უწყობს ხელს, როგორიცაა მწვანე ობლიგაციები. ამონაგები თანხებით ნაწილობრივ ან სრულად, მხოლოდ გარემოსდაცვითი და კლიმატური სარგებლის მქონე ახალი ან არსებული მწვანე პროექტების დაფინანსება ან რეფინანსირება ხდება, რაც ინვესტორებთან ურთიერთობის ინოვაციური ფორმატია, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას უწყობს ხელს. ასევე ემსახურება სათბური გაზების შემცირებას და ენერგოეფექტიანობის პოპულარიზაციას.

ამ მხრივ ნამდვილად აღსანიშნავია „საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილება მწვანე ევროობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით.

გონდაურის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ემისია 2021 წლის ივნისში უნდა განხორცელდეს. დოლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებს Fitch Ratings -მა წინასწარი BB- რეიტინგი უკვე  მიანიჭა.

როგორც ცნობილია, საკრედიტო რეიტინგი, აჩვენებს კომპანიის უნარს გადაიხადოს ვალი.ის აჩვენებს კრედიტორებს რამდენად რისკის შემცველია მათ მიერ გაცემული კრედიტი. შესაბამისად, რაც უფრო დაბალი შეფასება/რეიტინგი აქვს ქვეყანას ან კომპანიას უფრო მეტი საპროცენტო განაკვეთით უწევს მას სარგებლობა.

გონდაურის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებთან იწყება 2010 წელს, როდესაც 250 მილიონი დოლარის ობლიგაციები განათავსა ლონდონის ბირჟაზე (ვადიანობა – 5 წელი, კუპონი – 9.875%).

2012 წელს რკინიგზამ ახალი 500 მლნ დოლარის 10-წლიანი ობლიგაცია გამოუშვა (კუპონი 7,75%), რითაც მანამდე - 2010 წელს გამოშვებული ობლიგაციების - 250 მლნ ვალის გასტუმრება მოხდა. ემისიის წამყვანი მენეჯერები იყვნენ JP Morgan, Merrill Lynch.

„ეს იყო იმ დროისათვის ამიერკავკასიაში პირველი არასაბანკო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები. პირველადი განთავსებისას ძირითადი ინვესტორები იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია, გერმანია.

საქართველოს რკინიგზას 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების განაღდება 2022 წელს უწევს. თუმცა, კომპანია ამ ვალის რეფინანსირებას აპირებს.

მომზადებულია ემისიის წინასწარი ვარიანტი. რკინიგზამ უკვე დაიქირავა ბანკები, ანდერრაიტერები და იურისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ევრობონდების რეფინანსირებაში.  უნდა ვივარაუდოთ, რომ  ახალი ბონდები ბევრად დაბალ პროცენტში იქნება გამოშვებული. ვფიქრობ, კუპონის განაკვეთი არ უნდა აცდეს 4%-ს, რადგან  ზოგადად მსოფლიოში საკრედიტო რისკის პრემიებია შემცირებული.

2020 წლის იანვარში აშშ-ს მაგალითზე იყო 5,96%, ხოლო საქართველოს მაგალითზე (დეფოლტის სპრედისა და ფარდოფოთი ვოლატილობის დამატებით)  იყო 10,13%. 2021 წლის იანვარში კი აშშ-ს მაგალითზე არის 4,72%, საქართველოს მაგალითზე - 7,63%,“ - აცხადებს გონდაური.

მისივე განცხადებით, გამომდინარე აქედან, თუ რკინიგზის 500 მლნ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება მოხდება 4%-მდე კუპონის განაკვეთით, ამით კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველწიურად დაზოგავს ინვესტორზე გადასახდელ სავარაუდოდ 3,75%-ს, რაც შეადგენს დაახლოებით 18 750 000 დოლარს წელიწადში.

გონდაურის განმარტებით, სწორედ აღნიშნული თანხის გადამისამართება შეიძლება მწვანე ეკონომიკის პროექტებზე, რასაც საქართველოს რკინიგზა აანონსებს კიდეც მწვანე ობლიგაციების ჩარჩო დოკუმენტით.

„ამავდროულად, საქართველოს რკინიგზისათვის ყურადსაღებია და გასათვალისწინებელი ევრობონდების რეფინანსირებით გამოწვეული „რეფინანსირების რისკიც“. რეფინანსირების რისკის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია საშუალო შეწონილი ვადიანობა (ATM). ამიტომ, საჭიროა, რომ როგორც რკინიგზამ, ასევე სახელმწიფომ (როგორც რკინიგზის აქციების 100%-ის მფლობელმა) უზრუნველყონ აღნიშნული (გადავადებული) 500 მლნ დოლარის ინვესტირება მაღალი უკუგების მქონე აქტივებში, რათა ევროობლიგაციის მიმდინარე რეფინანსირების ვადის ამოწურვის ბოლოს მოხდეს აღნიშნული თანხის დაფარვა,“ - აცხადებს გონდაური.

შეგახსენებთ, “საქართველოს რკინიგზა“  მწვანე ევროობლიგაციების გამოსაშვებად ემზადება. კომპანიამ ცოტა ხნის წინ ფინანსურ ანგარიშში დაწერა, რომ მენეჯმენტი, ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე, 2021 წლის ივნისში არსებული ბონდების წარმატებულ რეფინანსირებას ელის.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ 500 მლნ დოლარის ევრობონდებით აქვს ფინანსური რესურსი მოზიდული, საპროცენტო განაკვეთი 7.75%-ია. "არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა ახალი ბონდები ბევრად მომგებიანი საპროცენტო განაკვეთით განთავსდეს“,- ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.