საგადასახადო ვალდებულებების თვალსაზრისით ყველა სექტორი გათანაბრებული უნდა იყოს - მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში საგადასახადო ვალდებულებების თვალსაზრისით ყველა სექტორი გათანაბრებული უნდა იყოს. მინისტრმა ეს განცხადება იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, გათავისუფლდება თუ არა დღგ-გან რძის სექტორი.
“ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ შეღავათები არ არის სწორი და ეფექტური ეკონომიკის, ან ბიზნესის წასახალისებლად. ეს არის კონკრეტული ბიზნესის ან სექტორის წახალისება, სხვა სექტორების ხარჯზე. ეკონომიკაში მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები თანაბრად იყოს გადანაწილებული სხვადასხვა სექტორსა და პროდუქტზე, რათა ნაკლებად მოხდეს ე.წ გამრუდება, ანუ მომხმარებლის ქცევა საგადასახადო პოლიტიკამ არ უნდა გამოიწვიოს.
შესაბამისად, შეღავათებზე ვართ საკმაოდ კონსერვატორები. იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რომ მაქსიმალურად თანაბრად იბეგრებოდეს ყველა სექტორი. დაბალი გადასახადები ცუდი ფენომენი არ არის, მაგრამ სხვადასხვა სექტორის სხვადასხვა წესით დაბეგრვა ეს ძალიან ცუდია არა მარტო შემოსავლების თვალსაზრისით, არამედ ის ეკონომიკის ზრდის ტენდენციას აფერხებს და არასწორი ქცევისკენ უბიძგებს მომხმარებელს.
ჩვენ არ ვემხრობით სექტორების ცალკეულ შეღავათებს. 30 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეღავათი დაწესდა. დღეს ერთი ხელის მოსმით ამის გაუქმება შეუძლებელია, მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ის არის, რომ ახალი შეღავათები მაინც არ დავაწესოთ. მივუბრუნდეთ ძველ შეღავათებს და ვნახოთ, სად არის იმის რესურსი, რომ ძველი შეღავათები მოიხსნას და მაქსიმალურად გათანაბრდეს საგადასახადო ტვირთი ყველა სექტორისთვის”,- აღნიშნა მაჭავარიანმა.