რომელმა უწყებამ გასცა ყველაზე მეტი პრემია და დანამატი პანდემიურ 2020 წელს - IDFI-ს კვლევა
2020 წელს, პანდემიის პერიოდში 77 უწყებაში, საშტატო თანამშრომლებზე პრემია ან/და სახელფასო დანამატი 44 საჯარო დაწესებულებაში გაიცა, რამაც 21.5 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 9.5 მილიონი ლარი პრემიის ოდენობაა, 12 მილიონი ლარი, სახელფასო დანამატი. კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
საშტატო თანამშრომლებზე, პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა - 5.5 მილიონი ლარი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასცა, შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 მილიონი ლარის სახით. ხოლო, სახელფასო დანამატის სახით 3.5 მილიონი ლარი საქართველოს პროკურატურამ გასცა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კი, 2.3 მილიონი ლარი.
ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით სულ 218 176 ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა კი, ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი.
საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა 732 600 ლარი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 228 440 ლარი.
“2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო ან დანამატი აღარ გაუცია, მაშინ როდესაც 2019 წლის ივლისის თვეში გენერალური აუდიტორის მოადგილეებზე ფულადი ჯილდოს სახით გაიცა თანამდებობრივი სარგოს ოთხმაგი ოდენობა, ხოლო დეკემბერში ხუთმაგი ოდენობა“,- აცხადებენ IDFI-ში.
პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, IDFI-ს შეფასებით, არ ეძლევათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.
2019-2020 წლებში, პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი ეროვნულ ბანკს და პროკურატურას აქვს გაცემული.
ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს 4 921 615 ლარის პრემია და სახელფასო დანამატი გასცა. 2020 წელს კი, შედარებით მეტი 5 518 512 ლარი.
პროკურატურამ 2019 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 5 061 357 ლარი გასცა, 2020 წელს, შედარებით ნაკლები 3 524 097 ლარი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2019 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით გაცემულმა თანხამ 3 791 420 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი, 2 326 715 ლარი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს 2 677 754 ლარის პრემია-დანამატი გასცა, 2020 წელს 2 977 311 ლარის.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2019 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 758 121 ლარი გასცა, 2020 წელს კი, 1 043 047 ლარი.
კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებმა 2019 წელს ჯამში 1 023 509 ლარის პრემია-დანამატი მიიღეს, 2020 წელს კი, 777 095 ლარის პრემია-დანამატი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წელს 437 189 ლარის პრემია-დანამატი გასცა, 2020 წელს კი, 736 548 ლარის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს გაცემული პრემია-დანამატი 1 982 306 ლარს შეადგენს, 2020 წელს გაცემული კი, 392 316 ლარს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე 2019 წელს ჯამში 127 742 ლარის პრემია-დანამატი გაიცა, 2020 წელს, 354 330 ლარის პრემია-დანამატი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა 2019 წელს 303 363 ლარის პრემია-დანამატი მიიღეს, 2020 წელს კი, 313 774 ლარი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლებზე პრემია-დანამატის სახით 2019 წელს 454 830 ლარი გასცა, 2020 წელს, 305 180 ლარი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა 2019 წელს ჯამში 223 474 ლარის პრემია-დანამატი მიიღეს, 2020 წელს კი, 243 744 ლარის პრემია-დანამატი.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში თანამშრომლებმა 2019 წელს პრემია-დანამატის სახით ჯამში 260 940 ლარი მიიღეს, 2020 წელს კი, 232 862ლარი.
კვლევის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები 100 უწყებას გაეგზავნა, საიდანაც ორგანიზაციამ მეტნაკლებად სრულყოფილი პასუხი 77 უწყებიდან მიიღო.
“2020 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არაერთგვაროვნად აისახა სხვადასხვა უწყების სახელფასო პოლიტიკაზე. კვლევაში განხილული საჯარო დაწესებულებების მაგალითზე, განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს იმ უწყებების სახელფასო პოლიტიკა, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოების მიერ 2020 წელს წარმოებული სახელფასო პოლიტიკა, ნაკლებად თანხვედრაშია, პანდემიის შედეგად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან.
ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ, ასეთი მონაცემების დაფარვის მიზეზი შესაძლებელია განპირობებული იყოს საზოგადოებრივი უკმაყოფილებისგან თავის არიდების სურვილით. შესაბამისად, ამ უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემიები) და სახელფასო დანამატების შესახებ დაფარული მონაცემები შესაძლებელია მნიშვნელოვნად ცვლიდეს კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს და ტენდენციებს“,- აცხადებენ IDFI-ში.
IDFI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მის გავრცელებას ყველა საჯარო დაწესებულებაზე;
პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს მიეცეთ სახელფასო ფონდის ზრდის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას;
საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება.
2018 წელს ძალაში შევიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა, წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) - წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა.
ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდა მთელ რიგ უწყებებზე და თანამდებობებზე. მაგალითად, ძალოვანი უწყებების სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე და მოსამსახურეებზე და სხვა.