ფინანსები
29/09/2021

როდის ჩამოყალიბდება დროებითი ბანკი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შექმნა - სებ-ის განმარტება

დღეს დროებითი ბანკის ჩამოყალიბების დაფუძნების აუცილებლობა არ გვაქვს, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ბანკებისთვის სწრაფი მაკორექტირებელი ქმედებების ჩარჩოს დანერგვისა და დროებითი ბანკის ჩამოყალიბებაზე "ბიზნესპარტნიორის" დასმულ კითხვას.

დროებითი ბანკის ჩამოყალიბება, პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ერთ-ერთი ის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფინანსური კრიზისის დროს.

"დროებით ბანკს აფუძნებს ფინანსთა სამინისტრო და მასზე სწრაფ რეჟიმში ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი. დროებითი ბანკის დაფუძნებასთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკა- პროცედურები და მეორადი კანონმდებლობა უკვე შევიმუშავეთ, ახლა დარჩენილია მცირე ნაწილი, რაც ამ რეფორმის სრულყოფისთვის არის საჭირო და ესეც მალე დასრულდება," - განაცხადა ლეჟავამ.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციითა და დახმარებით 2019 წლის ბოლოს მიიღო ბანკების რეზოლუციის და გაჯანსაღების ჩარჩო, ეს კანონმდებლობა მთავარ ბანკს აძლევს ახალ ინსტრუმენეტებს კრიზისების დროს ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

"დღეს არ დგას დროებითი ბანკის დაფუძნების საჭიროება. სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა ჩარჩოს სრულყოფა და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ბანკის დაფუძნება საფინანსო ინსტიტუტს პირდაპირ დროებითი ბანკის დაფუძნებაზე რეკომენდაცია არ გაუციათ", - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს დანერგოს სწრაფი მაკორექტირებელი ქმედებების ჩარჩო ბანკებისთვის და მზად იყოს დროებითი ბანკის ჩამოყალიბებისთვის.