რიკო კრედიტმა Bmatch-ის სისტემაში დღეს $0.5 მლნ-ის გარიგება დადო - ლაშა ნიკოლაიშვილი
„ეფექტური და გამჭვირვალეა. დღესაც კი Bmatch სისტემის მეშვეობით $0.5 მლნ-ის გარიგებები უკვე გავაკეთეთ,“ - ასე შეაფასა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმა Bmatch-ის დანერგვა, სადაც ჩართვის უფლება მსხვილ კომპანიებსაც ექნებათ.
მისი ინფორმაციით, "რიკო კრედიტი“ სისტემაში უკვე 4 თვეა ჩართულია და საკმაოდ წარმატებულადაც.
„სისტემა გამჭვირვალეა, ახლაც ვხედავ რა არის ბაზარზე მიწოდება, რა კურსში უნდათ მოთამაშეებს გაყიდვა და რამდენში - ყიდვა. ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ არ გვქონდა ზუსტი წარმოდგენა რა იყო მოთხოვნა და რა იყო რეალური მოწოდება. სანამ ყველას სათითაოდ არ ჩამოვურეკავდით ვერ ვიგებდით. როდესაც ურეკავ მაშინაც კი, შეიძლება ზუსტი ფასი ვერ გაიგო.
ამ შემთხვევაში კი ზუსტად წერია რამდენში უნდა გაიყიდოს, რამდენში უნდა ვიყიდოთ, სისტემურად ყველაფერი ჩანს. პარარელურად, ყველაზე კარგი ის არის,რომ ეროვნულ ბანკს მიეცა ძლიერი ხელსაწყო, რომლითაც შეძლებს ეფექტურად დაასტაბილუროს ლარის კურსი. ამით თვითონვე შეუძლია იაქტიუროს Bmatch-ზე ისე, რომ ვერავინ დაინახოს ვინ არის მოთამაშე. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელი ამას უკვე ეფექტურად იყენებს და ხელს უწყობს კურსის სტაბილიზაციას“, - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
მისი განცხადებით, როდესაც სისტემაში მსხვილი კომპანიები ჩაერთვებიან, შეუმცირდებათ ხარჯი, რაც საბოლოლ ჯამში ბაზარს ლიკვიდურობას შესძენს.
შეგახსენებთ, ახალ ინსტრუმენტს სებ-ი აპრილიდან იყენებს, თუმცა პლატფორმა ჯერ მხოლოდ ბანკებისთვისაა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, ასეთი მიდგომა ინოვაციას წარმოადგენს. "მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ჰქონდეთ Bloomberg-ის ტერმინალი, შეეძლებათ პირდაპირ ჩაერთონ Bmatch-ის პლატფორმაში. სხვა კომპანიებს კი საშუალება ექნებათ Bmatch-ის პლატფორმაზე წვდომა განახორციელონ არაპირდაპირ, კომერციული ბანკის საბროკერო მომსახურების საშუალებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-ს 1 ივლისის მდგომარეობით, $5.5 მლნ აქვს ნავაჭრი.