ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა
"საპარტნიორო ფონდი" ახალი სახელწოდებით (საქართველოს განვითარების ფონდი) სტრუქტურითა და განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს საქმიანობას.
"ახალი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო. მთავრობის მიერ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ვაზილ ჰუდაკი, დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი, რომლებიც შეირჩნენ ფინანსურ/სამეწარმეო სექტორში მათი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით.
საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილედ - მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ - ავთანდილ სილაგაძე.
სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც შეასრულებს. ბესიკ ბუგიანიშვილი ამ დრომდე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა.
წესდების მიხედვით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები), ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება,"-აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"სს საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ა.წ. 31 მაისს მიღებული ცვლილებები 2023 წლის 10 სექტემბრიდან ამოქმედდა.