ფინანსები
05/12/2022

პრემიერი: ბანკები მოგების გადასახადის "ესტონურ მოდელზე" აღარ გადავლენ

ბანკები მოგების გადასახადის "ესტონურ მოდელზე" აღარ გადადიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიიღეს და მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

"ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.

"2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა.

"რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოგების გადასახადის "ესტონური მოდელი" ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა და ის ბიზნესს რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს. საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლიდან იგეგმებოდა.