ფინანსები
09/10/2020

ოთარ ნადარაია: იპოთეკური ბაზარი სწრაფად ვერ განვითარდება

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი საქართველოში იპოთეკური სესხების ბაზრის განვითარების მაღალ საფეხურზე გადასვლის პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ოთარ ნადარაიამ განმარტა, ამისთვის ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი შემცირებაა, რაც მალე ვერ მოხდება.

„წელს ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუბსიდირების პროგრამა, თუმცა არა მარტო. იპოთეკური და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებული რეალობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები და პროგნოზები იყო. დღეისათვის იპოთეკური სესხების დაახლოებით 1/3 სუბსიდირების პროგრამის ფარგლებშია გაცემული. რეალურად, ამ მიმართულების აღდგენა სახეზეა. იქნება თუ არა  სუბსიდირების პროგრამის გარეშე იპოთეკაზე ლარში საპორცენტო განაკვეთები ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორიც მიგვიყვანს ღრმა და განვითარებულ იპოთეკურ ბაზრამდე, სამწუხაროდ აქ ცოტა სკეპტიციზმი მაქვს. ეს პროცესი ძალიან სწრაფად ვერ წარიმართება. სამომხმარებლო ბაზრისგან განსხვავებით იპოთეკური ის ბაზარია, სადაც ხშირად 1%-ს კი არა 0.5% დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, სანამ ლარში საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად არ შემცირდება, ჩვენ მაინც გვექნება ვალუტის არჩევანი, რამდენადაც ეს შესაძლებელია“,- აღნიშნა ნადარაიამ.