ფინანსები
30/03/2021

ნიკოლოზ გამყრელიძე ეროვნულ ბანკს ბიზნესთან მეტ კომუნიკაციას ურჩევს

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, საქართველოში, მედიკამენტების  და სამედიცინო საშუალებების 86% იმპორტირებულია, მათი შემოტანა ძირითადად ორ ვალუტაში - ევროსა და აშშ დოლარში ხდება.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირაა უფრო მეტად დოლართან მიმართებაში უფასურდება. ევროსთან მსგავსი გაუფასურება არ არის, რაც ერთგვარი შეღავათია. გამყრელიძის ინფორმაციით, იმპორტის ნახევარზე მეტი დოლარში ხდება, რაც ასახვას ჰპოვებს იმპორტის ფასზე ლარში.

„ეს მტკივნეულად აისახება იმ კომპანიებზე, რომლებიც იმპორტით არიან დაკავებული, ამ შემთხვევაში „გეფაც“ არ არის გამონაკლისი. ჩვენ დავაკვირდებით და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს არ გადავიდეს მომხმარებლის მხარეზე. ჯერ გვაქვს მარაგები, წინა თვეებში ნაყიდი მედიკამენტები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვალუტის ეს ცვლილება პირდაპირ არ აისახოს. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე ამის ფასში გადატანა მოგვიწევს, რაც ძალიან სამწუხაროა.

როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, ეროვნულ ბანკს მოვუწოდებ, ასეთ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული ვალუტის ასე ნახტომისებურად უფასურდება, უფრო აქტიური იყოს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი არ ჩანს ბაზარზე. მინიმუმ, მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან უკეთესი იქნებოდა ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განმსაზღრელი ორგანოდან თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ბიზნესს,“ - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი ელისა და ფარმაცევტული ქსელების მფლობელია.