ნიკა ქურდიანი: თიბისის გუნდმა გამოიყენა ახალი შესაძლებლობები, გადალახა ბარიერები
თიბისიმ უზბეკეთში მიიღო ოპერირების უფლება, ლიცენზია და ეს იყო ფაქტობრივად იშვიათი თუ არა, ერთადერთი შემთხვევა პანდემიის და ლოკდაუნის პირობებში, - ამის შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა TBC UZ-ის ფეისბუქ ლაივში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თიბისის გუნდმა გამოიყენა ახალი შესაძლებლობები, გადალახა ბარიერები, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია.
“პირველ რიგში ჩვენ დავაკომპლექტებთ გუნდს, კადრებს ვარჩევთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით", - აცხადებს ქურდიანი.
კითხვაზე, თუ TBC UZ-ში რომელი საბანკო პროდუქტებია მოთხოვნადი, ქურდიანი აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ცოტა რთულია, რადგან კონკრეტულ რეგიონში, საკმაოდ მრავალფეროვანი საბანკო სესხებია წარმოდგენილი.
თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში 2020 წლის ზაფხულში გაიხსნა. მაშინ ითქვა, რომ ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.
წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) რამდენიმე სერვისსა და პროდუქტს შესთავაზებს: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები; ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები; ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები) სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.