ფინანსები
18/10/2023

ნათია თურნავა: ₾200 000-მდე სესხის მხოლოდ ლარში გაცემის რეგულაცია მოხსნილია

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სავალუტო რისკებისგან დაცული მოქალაქეები სესხის აღებას შეძლებენ იმ ვალუტაში, რომელშიც აქვთ შემოსავალი.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ჰეჯირებული პირებისთვის 200 000 ლარამდე სესხის მხოლოდ ლარში გაცემის რეგულაცია მოხსნილია.

„მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში, 300 ათას ლარამდე სესხს მიიღებს ლარში, ხოლო ვისაც აქვს უცხოურ ვალუტაში ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი. ამ კუთხით ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ეს შეზღუდვა ჩვენ მოვხსენით.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰეჯირება, ანუ დაცვა სავალუტო რისკებისგან. ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და უწევდეს სესხის მომსახურება რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და ყოველთვიურად არ სჭირდებოდეს თავისი ხელფასის კონვერტაცია, იმისთვის რომ შეიტანოს ბანკში პროცენტი. შესაბამისად, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას და უფრო სრულყოფილს ხდის მას.

ჰეჯირება არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ან ლარში ან სხვა ვალუტაში დააძალო ადამიანს სესხის აღება. აქ მთავარია, რომ ადამიანი იყოს დაცული და იმ ვალუტაში აიღოს სესხი რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. მთლიანობაში, ეს ზრდის საფინანსო ინსტიუტების მდგრადობას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა გარე შოკები გაზრდილია და საკურსო მერყეობაც არის საკმაოდ მაღალი.“-განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დამატებით მოთხოვნას დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რაც გულისხმობს იმას რომ 2024 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.