ფინანსები
18/10/2023

₾300,000-მდე დავალიანების მქონე პირს, ახალი სესხის აღება იმ ვალუტაში შეეძლება, რაშიც შემოსავალი აქვს

ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, -  ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.  

"სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში.

დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.

ამასთან, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების მიტიგაციისთვის ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს. შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს,"-ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართება.