ფინანსები
02/11/2021

მიკროსაფინანსო სექტორმა 9 თვე 160 მლნ-იანი მოგებით დახურა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება გაზრდილია. 2021 წლის მესამე კვარტალში სექტორის წმინდა მოგებამ თითქმის 79 მლნ ლარს მიაღწია, მთლიანობაში კი იანვარ-სექტემბერში მაჩვენებელმა 160 მლნ-ს გადააჭარბა.

სებ-ის მონაცემებით, სექტორს 720 000-მდე სესხი აქვს გაცემული, 1.331 მლრდ ლარზე მეტი, აქედან 1.3 მლრდ ფიზიკურ პირებზე მოდის, დანარჩენი იურიდიულზე.

ყველაზე მსხვილი პორტფელი ლომბარდებია და 637 მლნ ლარს აღწევს, მეორე ადგილზე სამომხმარებლო სესხებია 280 მლნ-ით, მესამე პოზიცია კი ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის დაკრედიტებას უკავია 208 მლნ-ით.

მიკროსაფინანსოების მთლიანი აქტივები 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის 1.42 მლრდ-მდეა. ამ დროისთვის ბაზარზე 39 მისოა წარმოდგენილი 386 ფილიალით, სადაც 4200 ადამიანია დასაქმებული.

ორგანიზაციებს სულ 945 მლნ ლარის სესხები ავთ მოზიდული, აქედან 331 მლნბ რეზიდენტი ბანკებიდან, საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული ფინანსური რესურსი კი 340 მლნ-მდეა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური 2020 მიკროსაფინანსო სექტორმა თითქმის 45 მლნ-იანი მოგებით დაასრულა. მოგება სოლიდურია იმ ფონზე თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს მისოებს მინიმალური 112 000 ლარის მოგება ჰქონდათ.