ფინანსები
02/06/2021

მამუკა ხაზარაძე კობა გვენეტაძეს: თქვენ კაპიტალის ბაზარი მოკალით

“ლელოს“ წევრის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში არცერთი კომპანია კაპიტალიზირებული არ არის. ბიზნესს ფულის მოსაზიდად ბანკის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამაში დეპუტატი სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ადანაშაულებს.

“თქვენ, როგორც რეგულატორი, ამავე დროს უწევთ რეგულაციას კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტს იმიტომ, რომ ერთის მხრივ იყო რეგულატორი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების და მეორეს მხრივ კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირ კონკურეტნი უნდა იყოს საბანკო სისტემის. საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიზიდონ ფული თავიანთი საქმიანობისთვის, გარდა იმისა, რომ მიაკითხონ ბანკებს. ეს პირველ რიგში იწვევს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას. არცერთი კომპანია კაპიტალიზირებული არ არის საქართველოში. პრაქტიკულად თქვენ ეს მიმართულება მოკალით და ქვეყანაში არანაირი პესპექტივა არ არსებობს იმისათვის, რომ საერთაშორისო ბიზნესმა, ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში“,- მიმართა მამუკა ხაზარაძემ სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

მამუკა ხაზარაძემ ზოგადად კობა გვენეტაძის მმართველობა შეაფასა და ლარის კურსზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ლარის კურსი, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს 40%-ზე მეტად გაუფასურდა.

“ლარის გაუფასურებაზე პასუხი აქვთ, რომ ეს ეროვნული ბანკის საქმე არ არის. მაშინ აქ მაქვს მეორე კითხვა, რატომ ყიდით ვალუტას და რატომ ერევით აუქციონებში? თქვენი საქმეა ლარის კურსი, სხვა შემთხვევაში თქვენ მყარ ვალუტას არ გამოიტანდით ბაზარზე, რომ ლარის კურსი არ გააჩეროთ. როცა საუბარია შოკებზე, ვფიქრობ, პირველი შოკი უნდა ეძებოთ ეროვნული ბანკის მმართველობაში და არა სხვაგან“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ეროვნულ ბანკს ინფლაცია “გაექცა“ და სამომხმარებლო ფასებს ვერ აკონტროლებს.

“თქვენ სულ იძახით თქვენს გამოსვლებში, რომ ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის პირველი ამოცნააა. თქვენ ინფლაციის დონე სასწაულად გაგექცათ და ვერ აკონტროლებთ სამომხმარებლო ფასებს“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს.

მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ კობა გვენეტაძე, რომელსაც მაღალი ანაზღაურება აქვს, არაეფექტური მენეჯერია და თანამდებობა უნდა დატოვოს.

“ასეთი ანაზღაურების მენეჯერს, ვერცერთი და არც ერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს, იმ შედეგების მხედვით, რომელსაც თქვენ დებთ. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან, რომელსაც იკავებთ აბსოლუტური შედეგის გარეშე“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს.