ლევან სურგულაძე: საპენსიო დანაზოგის ბანკებში განთავსებით კაპიტალის ბაზარს ვერ განვავითარებთ
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან სურგულაძე სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
როგორც კავკასიის ბიზნეს სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნისთვის სააგენტოს საკმარისი შესაძლებლობა და პროდუქტები აქვს.
„საპენსიო სააგენტო ფუნქციონალურად გამართულია. ყველა ოპერაციული პროცესი შეუფერხებლად მუშაობს, მაგრამ არის საკითხები, მაგალითად, საინვესტიციო მიმართულება და ეს არის გამოწვევა. კი, შევაგროვეთ ეს ფული, მაგრამ… საპენსიო სააგენტოს ჰქონდა ორი მიზანი. პირველი, საპენსიო ასაკში ადამიანების უზრუნველყოფა და მეორე, კაპიტალის ბაზრის განვითარება. შესაბამისად, თუ ეს ფული ბანკში დავდეთ და ველოდეთ, ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური, საბჭო უნდა გააქტიურდეს. უკვე ორი წელი გავიდა და დროა. უნდა დაიწყონ საინვესტიციო მოქმედებები. არსებობს ის პროდუქტები, რამაც დივერსიფიცირებული პორტფელი უნდა შექმნას და საპენსიო სააგენტოს ამ ეტაპზე ეყოფა. რა თქმა უნდა, ბანკებშიც დატოვებს ნაწილს, ნაწილი სახაზინო ვალდებულებებში წავა, ნაწილი ობლიგაციებში. არის ეს ინსტრუმენტები საქართველოში და მათ ეს უნდა გააკეთონ. რატომ ვერ, ან არ აკეთებენ ეს უკვე მათ უნდა ვკითხოთ. მიმაჩნია, რომ არანაირი ობიექტური ხელშემშლელი ფაქტორები, ამ ეტაპზე არ არსებობს. მათ ამის დაწყება გაცილებით ადრე შეეძლოთ“,- აღნიშნა სურგულაძემ.
შეგახსენებთ, 2021 წლის მაისის დასაწყისისთვის საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მლრდ ლარს მიაღწია, დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ ლარია.
საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800- მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული.