ლაშა ნიკოლაძე: სადაზღვევო ბაზარი იზრდება, თუმცა სექტორის მოგება მცირდება
სადაზღვევო ბაზარი იზრდება, თუმცა სექტორის მოგება მცირდება. დარგის წარმომადგენლები მიზეზად ზარალის რეგულირების გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ და ამბობენ, რომ სექტორმა გაზრდილ ხარჯებზე ადაპტირება დროულად ვერ მოახერხა, ფასები არ გაზარდა, რამაც ზარალიანობის ზრდა გამოიწვია.
დარგში ფიქრობენ, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება, რომელსაც სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებია ელოდება, ამ სურათს შეცვლის.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, დაზღვევა ძალიან კონსერვატიული ბიზნესია და სულ მცირე ბოლო 3 წელს უნდა შევხედოთ, რომ რეალური სურათი დავინახოთ.
„ბოლო 3 წელში სადაზღვევო ბაზარი გაზრდილია, თუმცა შემცირებულია მომგებიანობა. ამის ერთ-ერთ მიზეზად შემიძლია დავასახელო ის, რომ კონკურენციის გამო, სხვადასხვა პოლისზე კომპანიები დაბალ ფასებს აწესებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლის კარგი განსწავლულობა სადაზღვევო სფეროში. მომხმარებელმა კარგად ისწავლა, თუ როგორ გამოიყენოს სადაზღვევო პროდუქტი. 10-15 წლის წინ ეკუთვნოდათ ბევრი რამე, მაგრამ წაკითხული არ ჰქონდათ და სათავისოდ ვერ იყენებდნენ ბოლომდე პროდუქტებს,“ - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.
მისივე თქმით, სექტორისთვის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ რეინვესტირება, პროგრამებისა და პროდუქტების მუდმივი რენოვაციისთვის. ასეთ ვითარებაში კი საკმაოდ რთულია ახალ პოლისებზე მუშაობა.
ლაშა ნიკოლაძე ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების მოლოდინშია. მისი განმარტებით, ეს პროცესი სექტორში არსებულ დღევანდელ სურათს შეცვლის.
ცნობისთვის, 18 სადაზღვევო კომპანიის კონსოლიდირებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 900 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის 18%-იანი ზრდაა. თუმცა, სადაზღვევო პრემიებში ზრდის მიუხედავად, სექტორის მომგებიანობამ 2 პროცენტით იკლო და 40 მილიონიდან 39 მლნ ლარამდე შემცირდა.