ლაშა ხუციშვილი: ონლაინ კაზინოები დაბეგვრის ახალ რეჟიმში მოექცევიან
სათამაშო ბიზნესთან, კერძოდ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობის განმარტებით, მიზანი მომხმარებლების რაოდენობის შემცირება იქნება.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს.
მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება.
"საუბარია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გადასახადის ცვლილებაზე, არამედ შეიცვლება მთლიანად სტრუქტურა, გადასახადებით დაბეგვრის აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული - როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. GGR-ის დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. რთულია მისი შედარება არსებულ მოდელთან, თუმცა, მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, შემდეგი ცვლილება შეეხება ასაკობრივ ზღვარს და რეკლამის აკრძალვას.
"რეგულაცია რეკლამის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. დანჩენილია რეკლამის ერთი ნაწილი, რომელიც ეხება სპონსორობას და სხვა არაფერს. ამ ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გვექნება მუშაობა", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე, მინისტრის განცხადებით, საგადასახადო ტვირთის გაზრდა დააბალანსებს იმ დანაკლისს, რასაც ბიუჯეტი მიიღებს.
"საგადასახადო ტვირთი გაიზრდება, რაც დანაკლისის დაბალანსებას უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე ეს დანაკლისი შეიძლება ბევრი არ იყოს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.