ლაშა ხუციშვილი: ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მოკლე დროში ლარის კურსის დასტაბილურებას ელის.
"ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ლარმა მაისიდან მნიშვნელოვანი გამყარება დაიწყო და ეს გრძელდება. ყოველთვის, როდესაც ხდება მკვეთრი ცვლილება,ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ბუნებრივია ამას მოჰყვება გარკვეული რყევები დროის მცირე მონაკვეთში. ყოველთვის ასე იყო და არა მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ბოლო დღეებში მოხდა მნიშვნელოვანი გამყარება, ლარის კრუსმა იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა ქვეყანაშია. მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება უფრო სტაბილური მდგომარეობა, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე წელს იქნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ყველა ის პარამეტრი, რომელიც მათ შორის ლარის კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში.
მისი თქმით, იანვრის მონაცემებით, 2019 წელთან მიმართებაში ტურიზმის აღდგენამ 70%-ს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ექსპორტი.
ლაშა ხუციშვილს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. მას ლარის კურსის არასტაბილურობაზე განმარტება ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ სთხოვა.