გიორგი ვაშაძე: რა უბედურება სჭირს ლარს?!
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ლარის კურსის არასტაბილურობაზე განმარტებას სთხოვს.
"ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან მაინტერესებს, რა უბედურება სჭირს ლარს? რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი გამყარება და შემდეგ გაუფასურება. ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი? ქართული ბიზნესი უმძიმეს დღეში ჩააგდეთ, ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ისინიც კი წაართვით ფაქტობრივად და ამ ლარის კურსის მანიპულაციით, კიდევ უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ ქვეყნის ეკონომიკას. არ მითხრათ ახლა, ეს ეროვნული ბანკის საქმეაო. თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს პასუხი, რა სჭირს ლარს? რატომ ხდება მოკლე ვადაში მანიპულაციური ცვლა?",- მიმართა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში სესიაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, გაძვირებულია პროდუქტები. გიორგი ვაშაძე მინისტრს მიმართავს კითხვით, რას აპირებს მთავრობა, რომ ქვეყანაში ფასები დასტაბილურდეს.
"როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის, კომუნალური გადასახადების? - ყოველდღიურად ძვირდება ყველაფერი. რომ ამბობთ, ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებლებზე მიდისო, თქვენგან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან, გვაინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს, რას აპირებთ, რომ ქვეყანაში ფასები დასტაბილურდეს?",- მიმართა ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს.