ლაშა ხუციშვილი: ქვეყანაში საჭირო ვაქცინების საკმარისი მარაგია
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა მცირდება და 500 მლნ ლარით განისაზღვრება.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო 900 მლნ ლარზე მეტი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები და ამ მიმართულებით თანხის გაზრდა იგეგმება.
მისივე თქმით, შესაძლოა, კოვიდის მართვისთვის ბიუჯეტში თანხის გაზრდა 2022 წელსაც გახდეს საჭირო.
"როდესაც წელს კოვიდჯანდაცვაზე 1 მლრდ-ზე მეტი თანხაა საჭირო, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, საკმარისი იქნება თუ არა 500 მლნ ლარი მომავალ წელს. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გარკვეული რისკები არსებობს, ამ თანხას შესაძლოა დამატება დასჭირდეს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრი განმარტავს, რატომ შემცირდა 2022 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით დაფინანსება. ეს არის, ქვეყანაში არსებული ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. აგრეთვე, გაზრდილი იმუნური ფენა, როგორც ვაქცინაციის, ისე გადატანილი ვირუსის შედეგად.
"მიმდინარე წელს ვაქცინების შესყიდვის მიზნით 150 მლნ ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქვეყანაში არის როგორც წლევანდელი, ასევე მომდევნო წლისთვის საჭირო ვაქცინების მარაგი. აგრეთვე გაზრდილია იმუნიტეტის მქონე მოსახლეობის რაოდენობა. დღეის მდგომარეობით 1.1 მლნ მოქალაქეა ვაქცინირებული, გარდა ამისა ვირუსის უკვე ოფიციალურად დადასტურებული მაჩვენებელი 800 000-ს შეადგენს, თუმცა გადატანილი აქვს უფრო მეტ რაოდენობას. ვფიქრობთ, იმ ტემპით, რა ტემპითაც მიდის ვაქცინაციის პრცესი, იმუნიტეტის მქონე ადამიანების რაოდენობა 65%-ს შეადგენს - რომლებიც არიან აცრილები და აქვთ გადატანილი ვირუსი. შესაბამისად, ეს ამცირებს ხარჯებსაც და იმ ადამიანების რაოდენობასაც, რომელსაც პოტენციურად მომავალ წელს შესაძლებელია, რომ დაემართოს კორონავირუსი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
"ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ თავი, ოჯახი, ეკონომიკა და ქვეყანას მივცეთ ნორმალური განვითარების შესაძლებლობა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.