ფინანსები
16/11/2021

ლაშა ხუციშვილი: არ შეიძლება ყველამ საგადასახადო შეღავათით ისარგებლოს

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეფასებით, საგადასახადო შეღავათით ყველამ არ უნდა ისარგებლოს. 

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს. 

"შეფასება უნდა მოხდეს კონკრეტული შეღავათის და მისი ეფექტურობის. ამ ნაწილში ვმუშაობთ USAID-თან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ვფიქრობ, გვექნება დოკუმენტის ჩარჩო, რომლის მიხედვითაც მოხდება საგადასახადო შეღავათების შეფასება და ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შეღავათები უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მიზნობრივი. არ შეიძლება შეღავათით სარგებლობდეს ყველა ის პირი, რომელიც ამას არ საჭიროებს. 

ის, რომ მიზნობრიობის და ეფექტურობის შეფასება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც გვქონდა ისტორიულად ერთ-ერთი მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი, 9.3%-ის ოდენობით. მეორეს მხრივ, ფისკალური კონსოლიდაცია ვერ მოხდება გადასახადების გაზრდის ხარჯზე. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც რჩება ამ შემთხვევაში, ეს არის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება იმ თანხების და პროგრამების, რომელიც ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.