ფინანსები
07/10/2021

"კრისტალი" მიკრობანკის სტატუსზე განაცხადის შეტანას განიხილავს

"კრისტალი" მიკრობანკის სტატუსზე განაცხადის შეტანას განიხილავს, თუმცა მენეჯმენტში დღის წესრიგიდან არც საბანკო ლიცენზიის მოპოვების გეგმა მოუხსნიათ.

მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების მოლოდინში არიან და ამის შემდეგ საკითხის განხილვას დაიწყებენ. 

"მოვლენების განვითარებას თვალ-ყურს ვადევნებთ, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩო. ჩვენთვის ცნობილია დაახლოებით რა განზრახვაა და ეს ნამდვილად მოსაწონია. ამის მიუხედავად, ჩვენ ისედაც გვაქვს საბანკო ლიცენზიის მოპოვების გეგმა, ამიტომ დავაკვირდებით პროცესს და გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის შესაბამისად რა დროსა და პირობებში მოხდება ახალი რეჟიმის შექმნა", - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ "ბიზნესპარტნიორთან".

რაც შეეხება კანონპროექტის მიზანს, ბაკუღაძე განმარტავს, რომ ახალი სტატუსი ერთი მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუზრდის, მეორე მხრივ კი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. "ასე რომ, ძალიან პოზიტიური კანონპროექტი არის და თუ ის დროულად შევიდა ძალაში ყველა ამ დასახულ მიზანს მიაღწევს", - განმარტავს ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მიკრობანკის სტატუსის მიღებას განიხილავს ემბისიც.