ფინანსები
07/09/2021

მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი მზადაა - რას ითვალისწინებს დოკუმენტი

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გადაუგზავნა. საფინანსო სექტორმა აქტიური განხილვები უკვე დაიწყო.

როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მარეგულირებლის მომზადებული კანონპროექტი მათ მოლოდინებთან თანხვედრაშია. კომპანიამ ეროვნულ ბანკს საკუთარი შენიშვნები უკვე გადაუგზავნა.

გია პეტრიაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ისაა რომ მიკრობანკის ლიცენზიის მსურველის სასესხო პორტფელში სესხების 70% ბიზნესსესხებზე უნდა მოდიოდეს.

„განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. ის ჩარჩო დოკუმენტი, რაც გადმოაგზავნა ეროვნულმა ბანკმა ძალიან გავს საბანკო რეგულაციებს. არის ერთი ძალიან სერიოზული ნიუანსი: ბიზნესმოდელი უნდა ითვალისწინებდეს პორტელში 70%-ს ბიზნესსესხებისას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩაბმული კანონპროექტის განხილვაში. შენიშვნები უკვე გადაგზავნილი გვაქვს და დიდი ენთუზიაზმით ველოდებით ამ კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება პოზიტიური ცვლილება საფინანსო ბაზარზე, რომელიც გარკვეულწილად გაზრდის კონკურენაციას და მიმართული იქნება საპროცენტო განაკვეთების პოტენციური შემცირებისკენ, რადგან მიკრობანკებს ექნებათ შესაძლებლობა ქონდეთ წვდომა შედარებით იაფი ლარის რესურსზე,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი არის ის, რომ ჩნდება დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც მიკრობანკი უფრო საინტერესო პარტნიორი იქნება, ვიდერე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რადგან ნაკლებ რისკიანი და უფრო რეგულირებადია. ჩვენ ამ სტატუსის მისაღებად მზაობა უკვე დიდი ხანია დაფიქსირებული გვაქვს. ამ კანონპროეტის წაკითხვის შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. არის რაღაც ნიუანსები რაც კანონქვემდებარე აქტებში გაიწერება, მაგრამ ეს ნიუანსები ვერ შეცვლის საერთო სურათს,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება საწესდებო კაპიტალის მოთხოვნას, MBC-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მიკრობანკის შემთხვევაში საწესდებო კაპიტალი 10-ჯერ მეტია, ვიდრე საწყისი კაპიტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში თუ არის 1 მლნ ლარი, აქ არის 10 მლნ ლარი. ათჯერ მეტია ვიდრე მიკროსაფინანსო ბიზნესის წამოწყებას სჭირდება, მაგრამ 5-ჯერ ნაკლები ვიდრე ბანკისთვის არის აუცილებელი. საკმაოდ მაღალი, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური ზღვარი ქმნის ბარიერს და უნდა ვივარაუდოთ, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ძალიან დიდი ნაწილი ვერ მოახერხებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუმცა, როგორც ცნობილია კაპიტალი არის რისკების დაზღვევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიდიდე,“ - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიკრობანკებს სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობაც ექნებათ.

„კანონპროექტი ითვალისწინებს ერთ მილიონ ლარამდე დაკრედიტებას მიკრობანკების მხრიდან. ეს სერიოზული დიაპაზონია. რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვნად აღემატება 200 000 ლარს, რაც ნიშნავს რომ მიკრობანკებს ექნებათ საშუალება უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის. ასეთი დაკრედიტება, რაც გულისხმობს მილიონ ლარამდე სესხების გაცემას, იმ ფონზე როდესაც დღეს ჩვენ გავცემთ მხოლოდ 100 000 ლარამდე სესხს, ერთ დღეში და ერთ თვეში ალბათ ვერ მოხდება, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხებთ ამ დიაპაზონის მთლიანად ათვისებას,“ - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

Businesspartner