კობა გვენეტაძე: სსფ-ს ახალი პროგრამა თანხების მოზიდვას არ ითვალისწინებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა თანხების მოზიდვას არ ითვალისწინებს.
"პროგრამა არის სტანდარტული. მოგეხსენებათ, რომ წინა პროგრამის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ისესხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, ასევე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესავსებად, თუმცა ამ ეტაპზე, არ მოიაზრება თანხის ათვისება, ეს იქნება ისეთი პროგრამა, რომ თუ კი ათვისების საჭიროება დადგება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თანხა მიღებული, მაგრამ სხვა სიტუაციაში ეს პროგრამა არ ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიღებას," – განმარტავს სებ–ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფონდთან დაგეგმილია ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყება.
სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა 2021 წლის აპრილში დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).