კაკაურიძე: მაღალი დეფიციტის პირობებში მასშტაბურ პროექტებს ვეღარ ვახორციელებთ
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დეფიციტის შემცირების პირობებში მთავრობა ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იმ მასშტაბით ვეღარ იწყებს, როგორც გეგმავდა.
"კაპიტალური ხარჯების შემცირება არ არის სასურველი. ჩვენი ინფრასტრუქტურა საჭიროებს ამ ხარჯებს. ასე არ არის რომ ეკონომიკის ხელშეწყობისთვის რაღაც პროექტებს ვიგონებთ. თითოეული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხელს უწყობს მომავალში ლოჯისტიკის განვითარებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უნდა ემსახურებოდეს.
დეფიციტის შემცირების პირობებში ჩვენ ვეღარ ვიწყებთ ახალი მსხვილი პროექტების განხორციელებას, იმ მასშტაბებით, როგორც გვინდოდა რომ დაგვეწყო. რიკოთი რომ დამთავრდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტებია, მათ შორის იგივე მაგისტრალის ნაწილში წითელი ხიდის მიმართულებით, სადახლოს მიმართულებით, ბათუმი-სარფის მონაკვეთი, რაც ასევე მაგისტრალის ნაწილია - ამ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ, ამისთვის შეთანხმებაც გვაქვს, დონორული რესურსიც გვაქვს, უბრალოდ ვერ ვიწყებთ, რადგან ვალს კიდევ დააწვება და გვირჩევნია, დროში გადავავადოთ. ამიტომ, ვცდილობთ, საბოლოო ჯამში არადეფიციტური რესურსებით მოხდეს ამ პროექტების დაფინანსება, ან დროში ისე გავწელოთ, რომ ჩვენი დეფიციტის მიზნობრივ მაჩვენებლებში ჩავჯდეთ",- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.