ფინანსები
31/03/2021

GHG-ი ლონდონის ბირჟაზე ლისტინგს ჯერ არ განიხილავს - ნიკოლოზ გამყრელიძე

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე  შესაძლო ლისტინგს ამ ეტაპზე არ განიხილება.

„ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. ჩვენი დამფუძნებელი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი. ჯერ-ჯერობით მაკროეკონომიკური მდგომარეობა არც საქართველოში და არც გლობალურად არ ქმნის ამის განხორციელების საშუალებას,“ - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე "ბიზნესპარტნიორთან".

შეგახსენებთ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დელისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟიდან 2020 წლის ზაფხულში განხორციელდა. მაშინ ნიკოლოზ გამყრელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ ეს კომპანიის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო.

„ეს იყო უფრო ტაქტიკური გადაწყვეტილება, რადგან გლობალურად მაკროეკონომიკური ცვლილებების გამო ორივე კომპანია - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი და საქართველოს კაპიტალი დაპატარავდა და შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი თვითონაც ნაკლებად ლიკვიდური იყო.

გადავწყვიტეთ, რომ ორი კომპანიიდან ერთი უფრო დიდი და ლიკვიდური შეგვექმნა. ამ ფაქტს აქციონერებიც დადებითად შეხვდნენ იქიდან გამომდინარე, რომ 97%-მა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. საფონდო ბირჟა კაპიტალთან შედარებით მარტივი წვდომის საშუალებას გვაძლევს. ეს საშუალება კვლავ რჩება "საქართველოს კაპიტალის" ფარგლებში. ეს იქნება უფრო მსხვილი კომპანია, რომელსაც ინვესტორები სიდიდიდან გამომდინარე უფრო აქტიურად შეხედავენ და მასში ფულსაც აქტიურად ჩადებენ," - განმარტა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ კატეგორიაში 2015 წელს დაილისტა და ინვესტორებისგან 100 მილიონი დოლარიც მოიზიდა.