გეგმიურ მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე ზარალიანობა გაზარდა
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" სადაზღვევო ინდუსტრიის 2021 წლის 6 თვის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ მოგებაზე საუბარი ნახევარი წლის მონაცემების საფუძველზე, არაკორექტულია.
„კარგად ჩანს ჯანმრთელობის დაზღვევის შედეგები. მას ჩვენს ბაზარზე ყველაზე დიდი წილი აქვს და დიდი ზარალიანობითაც გამოირჩევა, გასულ წელთან შედარებით ამ ნაწილში გაზრდილია ზარალიანობა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო, რამდენადაც პანდემიის გამო საზოგადოება თავს იკავებდა გეგმიური სამედიცინო სერვისებით სარგებლობისგან, ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა, მოთხოვნაც არის და მიუახლოვდა 2019 წლის დონეს. ეს თავისთავად მოქმედებს მომგებიანობის მაჩვენებელზე,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა სერვისის შეფასება დაიწყეს.
„კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, მეტი ზრდა იყო გასულ წელს. ამის მიზეზია ის, რომ ადამიანები აფასებენ სერვისს. ამ ნაწილში საყოველთაო ჯანდაცვასთან შედარებით უკეთესია სერვისი, მედიკამენტები ფინანსდება და ასე შემდეგ,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა თითქმის 29 000-ით გაიზარდა და 635 876 შეადგინა.
სტატისტიკა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16% იყო.
2021 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 194,9 მლნ. ლარს შეადგენს, ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერი ჯიპიაია (57.55 მილიონი ლარი, 29%). მეორე ადგილზეა იმედი L (41.40 მილიონი ლარი, 21%). მესამეზე კი „არდი“ (26.76 მილიონი ლარი, 14%).
სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიის მეორე წლის პირველი ნახევარი შემცირებული მოგებით დახურა. 2021 წლის I ნახევარში კომპანიებს წლიური მოგება 11.5 მლნ-ით 17.7 მლნ-მდე შეუმცირდათ.
შემცირებულია მზღვეველების სადაზღვევო მოგებაც – 89.5 მლნ-დან 83,1 მლნ-მდე.
სამაგიეროდ გაზრდილია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული თანხის მოცულობა 377 მლნ-დან 448,6 მლნ ლარამდე.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.034 მლრდ ლარია, კაპიტალი 278,6 მლნ.
სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიური ზრდა 90% იყო. პანდემიამ განაპირობა ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიებს შარშან საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა გადაუვადდათ, 2021 წლის ბოლომდე.
ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.